სტატიები

თავისუფალი ვალდორფის სკოლები. III ნაწილი

28-02-2019


 

3.    ვალდორფის სკოლები - თავისუფალი სკოლები

 

               ვალდორფის სკოლები კატეგორიულად გამოდიან იმ მოსაზრებებიდან, რომ სწავლება და აღზრდა მხოლოდ მაშინ შეძლებენ ადამიანის ყოველმხრივ განვითარებას, თუ ისინი თავისუფლად, თვითმმართველობის პრინციპებზე აგებულ ინსტიტუტებს დაემყარება².

               1919 წელს შტაინერი წერდა:

               „ჯანსაღი დამოკიდებულება სკოლასა და სოციალურ ორგანიზმს შორის მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ამ უკანასკნელს დაუბრკოლებლად განვითარებული ადამიანური შესაძლებლობები შეემატა. ეს კი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა სკოლა და აღზრდა სოციალური ორგანიზმის შიგნით თვითმმართველობის პრინციპებზეა დამყარებული. სახელმწიფოებრივმა და სამეურნეო სფეროებმა უნდა მიიღონ დამოუკიდებელი სულიერი ცხოვრების პირობებში ჩამოყალიბებული ადამიანები, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ უფლება თავიანთი საჭიროების მიხედვით განსაზღვრონ სასწავლო პროცესის მსვლელობა. ის, რაც ადამიანმა გარკვეულ ასაკში უნდა იცოდეს და შეეძლოს, მხოლოდ მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკა ისე უნდა იყოს აგებული, რომ ისინი ადამიანის ბუნების მოთხოვნილებებს შეესაბამებოდნენ."³

 

_______________________________

                    ²იხ. ზ. ვებერი, ვალდორფის სკოლის სოციალური ფორმა, მე-2 გამოცემა, შტუტგარტი, 1978. მ. ლეისტი, მშობლები და მასწავლებლები, მათი ურთიერთზემოქმედება სოციალურ პროცესებზე ვალდორფის სკოლაში, შტუტგარტი, 1986.

                    ³რ. შტაინერი, თავისუფალი სკოლა და სამმაგი დანაწევრება, ნარკვევები სოციალური ორგანიზმის სამმაგი დანაწევრება, ნარკვევები სოციალური ორგანიზმის სამმაგი დანაწევრებისა და თანამედროვეობასთან მისი მიმართების შესახებ; ნაწყვეტი. დორნახი, 1961, გვ. 38.

               თავისუფალი საგანმანათლებლო სისტემის იდეალს საფუძვლად უდევს განზრახვა, ისე აიგოს ცივილიზაცია ფართო დიაპაზონის, შეუზღუდავი ადამიანის აღზრდით, რომ ეს პროცესი მისთვის უცხო ჩარჩოებიდან გათავისუფლდეს. ჩვეულებრივი სახელმწიფო სკოლის მასწავლებელი კომპეტენტური იერარქიის საფუძველზე დგას, ანუ მისი საქმიანობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილში საღი აზრისა და ინიციატივის ადგილს ზემოდან მოსული მითითებები იკავებს. იგი იძულებულია თავისი საქმიანობა იმ მიმართულებით წარმართოს, რომელიც ისეთი ადამიანის მიერაა ნაკარნახევი, რომელიც კონკრეტულ ბავშვს, რომელსაც ეს საქმიანობა ეხება, არც კი იცნობს, ხოლო სწავლების პროცესი, ნაწილობრივ, ყმაწვილობისდროინდელი მოგონებებისა და პედაგოგიური თეორიების დონეზე აქვს წარმოდგენილი.

               სკოლის სახელმწიფოსადმი დაქვემდებარება და მისი მფარველობის ქვეშ გადაცემა წარსულში აუცილებელი ნაბიჯი იყო. პირველი ვალდორფის სკოლების ჩამოყალიბებით გადაიდგა შემდეგი საჭირო ნაბიჯი, სახელდობრ, სწავლება და აღზრდა ისეთ საფუძველზე დადგა, რომელიც საშუალებას აძლევს მასწავლებელს, ნამდვილი საღი აზრიდან გამომდინარე, საკუთარი ინიციატივითა და პასუხისმგებლობით მოახდინოს ზემოქმედება მოზარდ თაობაზე.

               ამიტომაცაა, რომ ვალდორფის სკოლის არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ პედაგოგები სისტემატიურად ცდილობენ გააფართოონ თავიანთი ადამიანური ცნობიერება. სწორედ ცოცხალი, კონკრეტული პიროვნების ცნობიერება უნდა იყოს სწავლების სათავე.

               აქ ძევს, აგრეთვე, საერთო საფუძველი კოლეგიალური ურთიერთთანამშრომლობისა სკოლის თვითმმართველობის სხვადასხვა სფეროში.

               სკოლის საქმეების კოლეგიალურ საწყისებზე გაძღოლა ხორციელდება ყოველკვირეული კონფერენციების ჩატარებით, რომლებზეც ყოველი პედაგოგი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. ამ შეხვედრებზე განიხილება პედაგოგიური მუშაობისა და სკოლის მოწყობის ყველა პრობლემა. კონფერენცია შემდეგ ნაწილებადაა დაყოფილი:

o   პედაგოგიური კონფერენცია

o   მმართველობის კონფერენცია

o   სკოლის ხელმძღვანელობის კონფერენცია

               პედაგოგიური კონფერენცია მიზნად ისახავს ადამიანთმცოდნეობის საფუძვლების შემდგომ დამუშავებას და თათბირს დიდაქტიკისა და მეთოდიკის საკითხებზე. ესაა ადგილი, სადაც დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარება, მისი სულიერი გადამუშავება და მათი შემდგომი მუშაობის საფუძვლად გარდაქმნა ხდება. ამრიგად, ის ძალიან ქმედითი ორგანოა, რომელიც სკოლის თვითაღქმასა და მისი პირადი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის იმის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, რომ მან შეინარჩუნოს ცოცხალი, შეგნებული განვითარების ფორმა.

               სკოლის მმართველობის კონფერენციაზე განიხილება პრობლემები, რომლებიც შეეხება ორგანიზაციული საკითხების მსვლელობას სკოლაში და საორგანიზაციო გეგმების შედგენას.

               დახურული, ანუ სკოლის ხელმძღვანელობის კონფერენციებში, როგორც წესი, ის თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობენ სკოლაში, დადებითად ხასიათდებიან და მზად არიან საერთო პასუხისმგებლობა იტვირთონ სკოლისათვის. აქ განიხილება სკოლის მართვის ძირითადი საკითხები, პერსონალის მიღება და დათხოვნა და ა.შ.

               წამოჭრილი საკითხები სკოლის ორგანიზაციებში არ წყდება კენჭისყრით, ანუ უმრავლესობის ნებით, არამედ მხოლოდ ურთიერთთათბირის შედეგად მიღებული საერთო გადაწყვეტილებით.

               ამ პროცესში კონფერენციის ყველა წევრი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. მასწავლებელთა თანაბარი სტატუსი გამოიხატება, აგრეთვე, ხელფასის ერთნაირი ოდენობით ყოველი მათგანისათვის. მაღალი კლასების სამეცნიერო ხარისხით აღჭურვილი პედაგოგებისთვისაც იგივე ხელფასი და სოციალური დახმარების ფორმები არსებობს, რაც დაწყებითი და საშუალო კლასების შრომის მასწავლებლებისათვის.  

               ვალდორფის სკოლის ეკონომიკურ მხარეს თავის თავზე იღებს სკოლის გაერთიანება, კავშირი, რომელშიც სკოლის ყველა მშობელი და მასწავლებელია გაერთიანებული. გამგეობა, რომელიც მასწავლებელთა კოლეგიისა და მშობელთა არჩევით დგება, თავის თავზე იღებს ეკონომიკურ-ფინანსურ დაგეგმვასა და სკოლის მეურნეობის გაძღოლას.

               შეძლებისდაგვარად, მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობა მშობლებსა და პედაგოგებს შორის ვალდორფის სკოლის არსებობის აუცილებელი პირობა და მისი დამახასიათებელი ნიშანია.

               სისტემატიური, მაგ. ყოველთვიური, მშობელთა კრებები და მასწავლებლის ვიზიტები მშობელთან ამ ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმაა. ვალდორფის სკოლების დიდი ნაწილი მშობლებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის აწყობს ლექციების ციკლს, რომლებიც თემატურად ძალიან მრავალფეროვანია. ასევე, ხშირად ტარდება კურსები პედაგოგიკის საკითხებთან დაკავშირებით, ხელოვნებისა (ხატვა, ძერწვა, ევრითმია) და ასევე პრაქტიკული ხელოსნობის კურსები. ხშირი მხატვრული ღონისძიებები (სპექტაკლები, კონცერტები, ევრითმია) ამ სკოლებს ხშირად კულტურისა და განათლების კერებად გადააქცევენ ხოლმე.

               ვალდორფის სკოლების დაარსება ყოველთვის თავისუფალი ინიციატივისა და მშობელთა და პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობის შედეგია.

               ასეთ კოოპერაციულ საწყისებზე აგებული სკოლა მხოლოდ იმიტომ ახერხებს ფუნქციონირებას, რომ მშობლებს საქმე აქვთ პედკოლექტივთან, რომელიც ბიუროკრატიული მმართველობის მარწუხებისგან არის თავისუფალი და შუძლია შეუზღუდავი თათბირის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.

 

 



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved